მახსოვს ოდესღაც წავიკითხე, რომ ზოგი ადამიანი სასაუბრო ენას საკუთარი მოსაზრების დამალვის მიზნით იყენებს, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან ვიცი, რომ უმეტესი მათგანი საუბარს აზროვნების მაგივრად იყენებს.
საქმოსანი ადამიანის სასაუბრო ენა შედარებით ნაკლებად რეგულირებად და მარტივ წესებს უნდა ექვემდებარებოდეს მისი, როგორც ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლის, სხვა ფუნქციებთან შედარებით. ეს არის მაგალითად:
გააჩნდეს სათქმელი.
თქვას მისი სათქმელი.
და ამით დაასრულოს საუბარი.
როცა ვაჭარი ლაპარაკს იწყებს მაშინ, როცა სალაპარაკო თემა ჯერ კიდევ არჩეული არა აქვს და აგრძელებს საუბარს მას შემდეგ რაც უკვე სათქმელი გამოთქვა, მისმა ამგვარმა ქმედებამ იგი ან სასამართლოს კარამდე შეიძლება მიიყვანოს, ან გააღატაკოს. სასამართლოს კარამდე მისვლა კი გაღატაკების უმოკლესი გზაა. მე აქ იურიდიული განყოფილება ჩამოვაყალიბე, რომელიც საკმაოდ ძვირი მიჯდება, მაგრამ იგი მე კანონთან შეხებისაგან მიცავს.
ეს დასაშვებია მაშინ, როცა ქალს ურეკავთ ან სადილის შემდეგ მეგობრებს ესაუბრებით და როცა თქვენი საუბარი კვირა დღის გრძელ ექსკურსიას წააგავს, როცა ავტომანქანას მხოლოდ მაშინ აჩერებთ, ყვავილების დასაკრეფად რომ გადადიხართ. სამსახურში კი რაც შეიძლება მოკლედ უნდა თქვათ თქვენი სათქმელი. გამოტოვეთ შესავალი სიტყვა და დასკვნა და შეწყვიტეთ საუბარი მანამ, სანამ სხვა თემაზე გადახვიდოდეთ. ცოდვილთა აღმოსაჩენად მოკლე აღსარებას უნდა კითხულობდეთ და არც დიაკონებს მიაჩნიათ, რომ გრძელი საუბარი საჭირო იყოს. მიეცით სულელებს პირველი და ქალებს კი საბოლოო სიტყვა. ხორცი ყოველთვის ბუტერბროტის შუაშია მოთავსებული; თუმცა მისი კიდეების კარაქით შეკაზმვა ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ გააჩნია ვისთვის: ალბათ მხოლოდ იმისთვის, ვისაც კარაქი უყვარს.
აგრეთვე დაიმახსოვრეთ, რომ გაცილებით ადვილია მიიღოთ ბრძენი ადამიანის გამომეტყველება, ვიდრე ბრძნულად ისაუბროდ. ისაუბრეთ სხვაზე გაცილებით ცოტა და მოისმინეთ იმაზე მეტი ვიდრე ილაპარაკებთ, რადგან როცა ადამიანი ისმენს, ის თავის თავს არ გასცემს და ამასთანავე სიამეს ანიჭებს იმ ადამიანს, ვინც ამას აკეთებს. მიეცით მამაკაცების უმრავლესობას კარგი მსმენელი და ქალების უმრავლესობას კი საკმარისი რაოდენობის ბლოკნოტის ფურცლები და ისინი მოგიყვებიან ყველაფერს, რაც კი იციან. ფულს მეტყველების უნარი გააჩნია გარდა იმ შემთხვევისა, როცა მის მეპატრონეს ენა არ უჩერდება და როცა მისი კომენტარები შეურაცხმყოფელია მსმენელისათვის. სიღარიბესაც გააჩნია მეტყველების უნარი, მაგრამ ვის უნდა მისი მოსმენა და ვის აინტერესებს მისი ნათქვამი.